ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი 2 ზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება
6 მაისი 2021
„რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორ ზოლიანი მონაკვეთი უკვე წელს შემოდგომაზე გაიხსნება. ეს არის პირველი შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად გვაქვს რიკოთის საუღელტეხილონ მონაკვეთის მშენებლობაზე,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის საუღელტეხილო გზის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს 67 ხიდზე - 96 ხიდიდან და 43 გვირაბზე - 53 გვირაბიდან. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 70-80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. ამჟამად უკვე გაჭრილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოსახვის (მოპირკეთების) სამუშაოები. ხიდებზე კი, დაწყებულია გამაერთიანებელი ფილებით გამონოლითების პროცესი, რის შემდეგაც უკვე გზის საფარი მოეწყობა.
„ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას ყველაზე გამომწვევი და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია და შარშან გახსნილ ჩქაროსნული მაგისტრალის 70 კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაგვაზოგინა, წელს დაემატება რიკოთის 2.5 კმ-იანი მონაკვეთი. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ამ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 18 გვირაბზე და გაჭრილია 2 გვირაბი. ხოლო 37 ხიდიდან სამუშაოები 27 ხიდზეა დაწყებული, საიდანაც 4 ხიდზე უკვე დასრულდა მალის ნაშენისათვის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის კოჭების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები.
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.